საზოგადოების სტანდარტები

საზოგადოების სტანდარტებში აღწერილია, თუ რა არის დაშვებული Facebook-ზე, Instagram-ზე, Messenger-სა და Threads-ზე და რა — არა.
შესავალი
წინამდებარე სტანდარტები დამყარებულია ხალხის გამოხმაურებასა და ტექნოლოგიის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანთა უფლებების სფეროში მომუშავე ექსპერტების რჩევებზე. იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული ადამიანის ხმა დაფასებული იყოს, ჩვენ უდიდესი სიფრთხილით ვადგენთ სტანდარტებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა შეხედულებასა და რწმენას, განსაკუთრებით, იმ ადამიანთა და საზოგადოების რწმენას, რომელიც სხვაგვარად შეუმჩნეველი ან მარგინალიზებული იქნებოდა.
ადამიანები Facebook-ს, Instagram-ს, Messenger-სა და Threads-ს ყოველდღიურად იყენებენ, რათა გააზიარონ გამოცდილება, ესაუბრონ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და შექმნან საზოგადოება. ჩვენი მომსახურება მილიარდობით ადამიანს აძლევს საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას და მოიცავს უამრავ ქვეყანას, კულტურასა და ენას.
ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, Facebook, Instagram, Messenger და Threads იყოს ის ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ კომუნიკაცია, ამიტომ, ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ჩვენს როლს, დავიცვათ ჩვენი სერვისები ბოროტად გამოყენებისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით სტანდარტები იმის შესახებ, თუ რა არის და რა არ არის დაშვებული ამ მომსახურებებში.
გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ, რომ საზოგადოების სტანდარტების US English ვერსია დებულების უახლესი ვერსიაა და უნდა გამოიყენოთ, როგორც პირველადი დოკუმენტი.
ჩვენი მოწოდება ყველას მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება
ჩვენი საზოგადოების სტანდარტების მიზანი ყოველთვის იყო ისეთი ადგილის შექმნა, სადაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს. Meta-ს სურს, რომ ადამიანებმა ღიად ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, იქნება ეს წერილობითი კომენტარების, ფოტოების, მუსიკის ან სხვა მხატვრული საშუალებების მეშვეობით, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ადამიანი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მათ აზრს ან სადავოდ მიიჩნევდეს მას. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვუშვებთ შიგთავსს (ჩვენს სტანდარტებთან შეუსაბამობის მიუხედავად), თუ ის აქტუალურია და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეობს. ასეთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ ვიღებთ, რაც შევაფასებთ საზოგადოების ინტერესს ზიანის რისკთან მიმართებაში და განვიხილავთ ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. სხვა შემთხვევებში, ჩვენ შეიძლება წავშალოთ შიგთავსი, რომელიც იყენებს ორაზროვან ან არაპირდაპირ ფრაზებს, თუ დამატებითი კონტექსტი საშუალებას გვაძლევს საკმარისად დასაბუთებულად ჩავთვალოთ, რომ შიგთავსი ეწინააღმდეგება ჩვენს სტანდარტებს.
აზრის გამოხატვის თავისუფლება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა ვაღიარებთ, რომ ინტერნეტში იქმნება ბოროტად გამოყენების სულ უფრო ახალი შესაძლებლობები. აღნიშნული მიზეზების გამო, როდესაც ვზღუდავთ გამოხატვას, ამას შემდეგი ღირებულებების დაცვისთვის ვაკეთებთ:
ავთენტურობა
გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ადამიანებისთვის ხილვადი ნებისმიერი შიგთავსი ავთენტურია. გვჯერა, რომ ავთენტურობა უკეთეს გარემოს ქმნის გასაზიარებლად, სწორედ ამიტომ, არ გვსურს, ჩვენი მომსახურებების მომხმარებლებმა არასწორად წარმოაჩინონ, ვინ არიან და რას აკეთებენ.
უსაფრთხოება
ჩვენ მზად ვართ, Facebook, Instagram, Messenger და Threads ვაქციოთ უსაფრთხო ადგილებად. ჩვენ წავშლით შიგთავსს, რომელმაც, შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს ადამიანთა ფიზიკური უსაფრთხოება. ჩვენს მომსახურებებში იკრძალება ისეთი გამოხატვა, რომელიც მოიცავს ადამიანის მიმართ მუქარას, აქვს პოტენციალი, დააშინოს, გარიყოს ან გააჩუმოს სხვები.
კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა ჩვენი ვალდებულებაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ადამიანს ანიჭებს თავისუფლებასა და შესაძლებლობას, შეინარჩუნოს საკუთარი მეობა, აირჩიოს, როდის და როგორ გააზიაროს შინაარსი ჩვენს მომსახურებებში და უფრო მარტივად დაუკავშირდეს სხვებს.
ღირსება
ჩვენ გვწამს, რომ ყველა ადამიანის ღირსება და უფლება თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის ღირსებას და არ შეურაცხყოფენ ან დაამცირებენ ერთმანეთს.
საზოგადოების სტანდარტები
ჩვენი საზოგადოების სტანდარტები მთელი მსოფლიოს მაცხოვრებლებზე და ნებისმიერი ტიპის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ შიგთავსზე ვრცელდება.
ჩვენი საზოგადოების სტანდარტების თითოეული ნაწილი იწყება „დებულების დასაბუთებით“, რომელიც ასახავს დებულების მიზნებს, რასაც მოჰყვება კონკრეტული დებულების წესები, რომლებშიც განსაზღვრულია შემდეგი:
შიგთავსი, რომელიც აკრძალულია; და
შიგთავსი, რომელიც საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან კონტექსტს მასზე ზომების მისაღებად, შიგთავსი, რომელიც გამაფრთხილებელ წარწერასთან ერთად არის დაშვებული, ან შიგთავსი, რომლის ნახვაც დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრულებისთვის.