განახლდა 14 ოქტ.. 2025
ჩვენ გვსურს, რომ მოზარდებს ჰქონდეთ უსაფრთხო, პოზიტიური გამოცდილება Facebook-სა და Instagram-ზე, რაც მოიცავს მათ დახმარებას თავიანთი ინტერესების აღმოჩენაში და მათთვის ასაკის შესაბამისი შიგთავსის ჩვენებას. იმისათვის, რომ მოზარდებმა შეუსაბამო ტიპის შიგთავსი არ ნახონ, ჩვენ სამ ძირითად ქმედებას ვახორციელებთ: ჩვენ ვშლით შიგთავსს, რომელიც არღვევს ჩვენს წესებს, ვუმალავთ მოზარდებს გარკვეული ტიპის ზრდასრულ და სენსიტიურ შიგთავსს და გვაქვს უფრო მკაცრი წესები იმის თაობაზე, თუ რა შიგთავსს ვუწევთ რეკომენდაციას.ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს მიდგომას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოზარდებს უზრუნველვყოფთ უსაფრთხო, ასაკის შესაბამისი გამოცდილებით და გავითვალისწინოთ საუკეთესო კვლევები და ექსპერტთა რჩევები მშობლების სიმშვიდისთვის. ჩვენ გვსურს, რომ უფრო ვიყოთ შესაბამისობაში დამოუკიდებელ სტანდარტებთან, რომლებიც უფრო ნაცნობია ოჯახებისთვის. ამიტომაც, ჩვენ გადავხედეთ ჩვენს ასაკთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებებს, რომლებიც განსაზღვრავს რა ტიპის შიგთავსს ვუმალავთ მოზარდებს და არ ვუწევთ რეკომენდაციებს, და შევადარეთ ისინი ფილმების PG-13 რეიტინგს. ეს ნიშნავს, რომ მოზარდები დაინახავენ შიგთავსს, რომელიც, როგორც წესი, გავს იმას, რასაც PG-13 რეიტინგის მქონე ფილმებში ხედავენ.
ისევე, როგორც PG-13 ფილმში შეიძლება ნახოთ ორაზროვანი შიგთავსი ან გაიგოთ უხეში სიტყვები, მოზარდებმაც შეიძლება ზოგჯერ რაღაც მსგავსი ნახონ Instagram-ზე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ ასეთი შემთხვევები რაც შეიძლება იშვიათად მოხდეს. ჩვენ ვათვიცნობიერებთ, რომ სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ მის დროთა განმავლობაში გაუმჯობესებისთვის.
ყველასთვის: ჩვენ ვშლით შიგთავსს, რომელიც არღვევს ჩვენი საზოგადოების სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს უფრო მკაცრი წესები იმის თაობაზე, თუ რა შიგთავსს ვუწევთ რეკომენდაციას. ❌ შიგთავსი, რომელსაც ვშლითჩვენი საზოგადოების სტანდარტები ასახავს შიგთავსის ტიპებს, რომლებსაც არ ვუშვებთ Facebook-სა და Instagram-ზე. ამ შიგთავსს, როგორც კი ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ხდება, ყველასათვის, მათ შორის, მოზარდებისთვის მთლიანად ვშლით. როდესაც ამ წესების დამრღვევ შიგთავსს ვშლით, ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ გაფრთხილება იმ ანგარიშზე, რომელმაც ის გააზიარა და გავთიშოთ ის ანგარიშები, რომლებიც განმეორებით ან მნიშვნელოვნად არღვევენ ჩვენს დებულებებს. ეს დებულებები შექმნილია იმისათვის, რომ დავიცვათ ყველა ჩვენს საზოგადოებაში, მოზარდების ჩათვლით. შიგთავსის ტიპები, რომლებსაც ჩვენ მთლიანად ვშლით, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
სასტიკი მოპყრობა და ექსპლუატაცია
ჩვენ არ ვუშვებთ შიგთავსს, რომელსაც შეუძლია ადამიანების სასტიკი მოპყრობა ან ექსპლუატაცია, როგორიცაა პოსტები, რომლებიც ახალისებს არანებაყოფლობით სექსუალურ აქტივობას, ან ბავშვზე ძალადობის ამსახველი მასალის გაზიარებას ან მოთხოვნას. მაგალითად, ჩვენ წავშლით:
❌ პოსტს, რომელიც ახდენს პროსტიტუციის შეთავაზებას ან სთხოვს ვინმეს მისთვის პორნოგრაფიის გაგზავნას.❌ პირის ფოტოს ინტიმური ან სექსუალური აქტის დროს, რომელიც გაზიარებული მისი თანხმობის გარეშე.
❌ პოსტი, რომელიც ახდენს ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ან შიშველი ბავშვების გამოსახულების შეთავაზებას ან ითხოვს ასეთს.
სუიციდი, თვითდაზიანება და კვებითი დარღვევები
ჩვენ არ ვუშვებთ შიგთავსს, რომელიც ახალისებს, განადიდებს ან ხელს უწყობს სუიციდს, თვითდაზიანებას ან კვებით დარღვევებს, თუმცა, ამავდროულად, საშუალებას ვაძლევთ ადამიანებს, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებაზე და მოიძიონ მხარდაჭერა. მაგალითად, ჩვენ წავშლით:
❌ პოსტს, რომელიც დადებითად საუბრობს სუიციდზე, თვითდაზიანებასა ან კვებით დარღვევებზე. ❌ ისტორიას, რომელიც აჩვენებს გრაფიკულ თვითდაზიანებას.
❌ კომენტარს, რომელიც დასცინის ვინმეს კვებითი დარღვევების გამო.
სიძულვილით სავსე ქცევა, ჩაგვრა და შევიწროვება
ჩვენ არ ვუშვებთ შიგთავსს, რომელმაც შეიძლება შექმნას დაშინების ან გარიყვის, მათ შორის, ჩაგვრისა და შევიწროების გარემო. მაგალითად, ჩვენ წავშლით:
❌ პოსტს, რომელიც იყენებს არაადამიანურ მეტყველებას ადამიანების წინააღმდეგ რასის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. ❌ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ დამცინავ კომენტარს.
❌ პოსტს, რომელიც შეიცავს მუქარას პერსონალურად მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის (როგორიცაა, მაგალითად, პასპორტის ნომერი) გამოქვეყნების შესახებ ან აქეზებს პირის მიმართ შევიწროებას.
აკრძალული საქონელი და მომსახურება
არ ვუშვებთ ჩვენს პლატფორმებზე გარკვეული შეზღუდული საქონლისა და მომსახურებების ყიდვას, გაყიდვას, ან მათით ვაჭრობას. ასევე, არ ვუშვებთ ადამიანების მხრიდან გარკვეული ტიპის ნივთიერებების პოპულარიზაციას ან მათი გამოყენების ინსტრუქციების მიწოდებას. მაგალითად, ჩვენ წავშლით:
❌ ისტორიას, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა სახის ნარკოტიკების ყიდვას, გაყიდვას ან მათით ვაჭრობას. ❌ პოსტს, რომელიც ეხება თამბაქოს, ნიკოტინის ან ალკოჰოლის ყიდვას, გაყიდვას ან მათით ვაჭრობას
❌ კომენტარს, რომელიც ახდენს 3D პრინტით დაბეჭდილი იარაღის ნაწილების შეთავაზებას. ჩვენ გარკვეულ გამონაკლისებს ვაკეთებთ ლეგიტიმური კომპანიებისთვის, რომლებიც გარკვეული სახის აკრძალული საქონლის შეთავაზებას ლეგიტიმურად ახორციელებენ.
საფრთხის შემცველი და გრაფიკული შიგთავსი
ჩვენ არ ვუშვებთ ექსტრემალურ გრაფიკულ შიგთავსს, ან შიგთავსს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პირად უსაფრთხოებას, როგორიცაა ადამიანების მიმართ ძალადობის მუქარა. მაგალითად, ჩვენ წავშლით:
❌ პოსტს, რომელიც შეიცავს სხვა ადამიანის მოკვლის ან გატაცების მუქარას, ან ახალისებს სხვებს ძალადობის ჩადენისკენ.❌ გრაფიკულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია ადამიანი დასახიჩრებულ ან მძიმედ დამწვარ მდგომარეობაში.
გარკვეულ გამონაკლისებს ვუშვებთ გრაფიკულ შიგთავსზე სამედიცინო კონტექსტში ან როდესაც გაზიარებულია ცნობიერების ასამაღლებლად. როდესაც ვუშვებთ გრაფიკულ შიგთავსს, როგორც წესი, ვფარავთ მას გამაფრთხილებელი ნიშნით, რათა ადამიანებს მასზე დაწკაპუნებამდე ვაცნობოთ, რომ შიგთავსი შეიძლება სენსიტიური ხასიათის იყოს.
სიშიშვლე, სექსუალური ხასიათის აქტივობა და გამოკვეთილად სექსუალური ხასიათის ენა
ჩვენ ვზღუდავთ შიგთავსს, რომელიც შეიცავს სიშიშვლეს, სექსუალური ხასიათის აქტივობას და გამოკვეთილად სექსუალური ხასიათის ენას მაგალითად, ჩვენ წავშლით:
❌ სურათებსა და ვიდეოებს, რომლებიც შეიცავს სიშიშვლეს ან აშკარა სექსუალურ აქტივობას, მათ შორის, როდესაც ასეთი შიგთავსი გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.❌ ისტორიას, რომელიც შეიცავს სექსუალური აქტების გამოკვეთილ და გრაფიკულ აღწერებს (თუ ეს იუმორისტული ან სატირული ხასიათისა არ არის).
გვესმის, რომ სიშიშვლის გაზიარებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი, მათ შორის, პროტესტის, რაიმე საკითხზე ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ან სამედიცინო მიზანი. ასეთი ტიპის შიგთავსი დაშვებულია მხოლოდ შესაბამის შემთხვევებში, როდესაც ასეთი მიზანი ნათლად არის გამოხატული.
🛡️ შიგთავსი, რომლის რეკომენდებასაც თავს ვარიდებთჩვენ ვთავაზობთ რეკომენდაციებს ისეთ სივრცეებში, როგორიცაა Instagram-ის Reels ან Explore ან Facebook-ის სიახლეების ზოლი, რათა დავეხმაროთ ადამიანებს მათთვის საინტერესო ახალი შიგთავსის აღმოჩენაში. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც განსაზღვრავს თუ რა სახის შიგთავსი შეიძლება იყოს რეკომენდებული და თავს ვარიდებთ ისეთი რეკომენდაციების გაცემას, რომლებიც შეიძლება იყოს დაბალი ხარისხის, არასასიამოვნო, ან განსაკუთრებით სენსიტიური, მაშინაც კი, როცა შიგთავსი წაშლისთვის საკმარისად მძიმე არ არის. ამას ვაკეთებთ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ უფრო მკაცრი სტანდარტები უნდა არსებობდეს, როდესაც ვაჩვენებთ ადამიანებს შიგთავსს იმ ანგარიშებიდან, რომლებიც მათ არ გამოუწერიათ. ⚠️ დამატებითი შიგთავსი, რომელსაც მოზარდებს ვუმალავთ
მოზარდები: ჩვენ უზრუნველვყოფთ დამატებით დაცვას 18 წლამდე მოზარდებისთვის. ჩვენ უფრო მეტ შიგთავსს ვუმალავთ მოზარდებს, ვიდრე სხვებს. ასევე, მათთვის არ ვახდენთ ისეთი შიგთავსის რეკომენდაციას, რომელიც რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის. ეს დებულებები ეფუძნება PG-13 რეიტინგს და მათი მიზანია მოზარდებმა არ ნახონ ისეთი შიგთავსი, რომელსაც არ ნახავენ PG-13 ფილმებში. Instagram-ზე მოზარდებს ან მათ მშობლებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ კიდევ უფრო შეზღუდულ პარამეტრზე, რომელსაც შეზღუდული შიგთავსი ჰქვია. მესამე, უფრო ნაკლებად შეზღუდულ პარამეტრზე, სახელად მეტი შიგთავსი, მოზარდები მხოლოდ მშობლების ნებართვით შეძლებენ წვდომის მიღებას.
13+ (ნაგულისხმევი): 13+ შიგთავსის პარამეტრი ეფუძნება ფილმების PG-13 რეიტინგს და ნაგულისხმევად არის დაყენებული მოზარდებისთვის. ჩვენ ვითანამშრომლეთ ახალგაზრდობის ექსპერტებთან მთელს მსოფლიოში, რათა გაგვეგო, თუ რა ტიპის შიგთავსი შეიძლება იყოს შესაფერისი ზრდასრულებისთვის, მაგრამ შეუფერებელი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის და შევადარეთ ეს ასაკთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები ფილმების PG-13 რეიტინგს. ამ პარამეტრის ფარგლებში, ჩვენ უფრო მეტ შიგთავსს დავუმალავთ მოზარდებს, ვიდრე სხვებს. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულებს კვლავ ექნებათ წვდომა ამ შიგთავსზე, მოზარდები ვერ შეძლებენ მის ნახვას ან მასთან ურთიერთქმედებას, მაშინაც კი, თუ ის გაზიარებულია მათი სიახლეების ზოლში ან ისტორიებში ანგარიშით, რომელიც მათ აქვთ გამოწერილი. ჩვენ ასევე არ ვუშვებთ მოზარდების მიერ ისეთი ანგარიშების აღმოჩენას, გამოწერას და მათთან ურთიერთქმედებას, რომლებიც ძირითადად ასაკისთვის შეუსაბამო შიგთავსს აზიარებენ.
დააწკაპუნეთ აქ, რათა ნახოთ იმ შიგთავსის მაგალითები, რომელსაც მოზარდებს ვუმალავთ ნაგულისხმევი პარამეტრის ფარგლებში
სუიციდი, თვითდაზიანება და კვებითი დარღვევები
ჩვენ ვმალავთ სუიციდსა და თვითდაზიანებასთან დაკავშირებულ გარკვეულ შიგთავსს, რათა დავიცვათ მოზარდები პოტენციურად დამამწუხრებელი ან მგრძნობიარე მასალისაგან. მაგალითად, ჩვენ ასაკობრივად შევზღუდავთ:
⚠️ პოსტს, სადაც ვინმე აღწერს საკუთარ პირად გამოცდილებას სუიციდის, თვითდაზიანების ან კვებითი დარღვევების შესახებ, გარდა გამოჯანმრთელების კონტექსტისა.
⚠️ ფოტოს ან ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია ადამიანები, რომლებიც საავადმყოფოში ახორციელებენ ევთანაზიას ან სუიციდში დახმარებას.
⚠️ ისტორიას, რომელშიც ადამიანი საუბრობს საკუთარი წონის რადიკალურად დაკლების შესახებ.
აკრძალული საქონელი და მომსახურება
ჩვენ ვუმალავთ მოზარდებს შიგთავსს, რამაც მათ შეიძლება პოტენციურად საზიანო აქტივობებში მონაწილეობისკენ უბიძგოს. მაგალითად, ჩვენ ასაკობრივად შევზღუდავთ:
⚠️ პოსტს, რომელშიც შეთავაზებულია თამბაქოს, ნიკოტინის პროდუქტების, ალკოჰოლის ან ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და რომელიც გაზიარებულია კანონიერი ფიზიკური კომპანიის მიერ. ⚠️ ისტორიას, რომელიც ახალისებს ფსიქოდელიური ნარკოტიკების (იგივე ენთეოგენების) ან კანაფის პროდუქტების მიღებას.
⚠️ სურათებს, რომლებშიც მოცემულია ალკოჰოლური სასმელების დამზადების რეცეპტები.
⚠️ პოსტი, რომლის მიზანია წონაში დაკლების პროდუქტებისა თუ სერვისების გაყიდვა.
საფრთხის შემცველი და გრაფიკული შიგთავსი
ჩვენ ვმალავთ მოზარდებისგან უმეტეს გრაფიკულ და შემაწუხებელ სურათებს, მაშინაც კი, თუ ამას ზრდასრულებისთვის გამაფრთხილებელი ნიშნის მქონე ეკრანს მიღმა დავუშვებთ. მაგალითად, ჩვენ ასაკობრივად შევზღუდავთ:
⚠️ მძიმედ დამწვარი ადამიანის ფოტოს, რომელსაც ეკრანზე გამაფრთხილებელი ნიშნით დავფარავთ ზრდასრულებისთვის.⚠️ სროლის, სისასტიკის ან სასიკვდილო ავტოკატასტროფის ფოტოს ან ვიდეოს.
სიშიშვლე, სექსუალური ხასიათის აქტივობა და გამოკვეთილად სექსუალური ხასიათის ენა
ჩვენ დამატებით შიგთავსს ვუმალავთ მოზარდებს, რომელიც არ შეიცავს სიშიშვლეს ან სექსუალურ აქტივობას, მაგრამ შეიძლება მიანიშნებდეს სექსუალურ შინაარსზე. მაგალითად, ჩვენ ასაკობრივად შევზღუდავთ:
⚠️ პოსტს, რომლის შიგთავსი სიშიშვლესთან ახლოსაა. მაგალითად, როდესაც სიშიშვლე დაფარულია ციფრული ფენით.⚠️ ფოტოს, რომელზეც მიახლოებულია ვინმეს დუნდულები.
⚠️ ისტორიას, რომელიც შეიცავს ორაზროვან და მიმანიშნებელ ენას, რომელიც აღწერს სექსუალური ხასიათის აქტებს, მათ შორის, შეიცავს სექსუალურ მეტაფორებს.
ასევე, ჩვენ თავს ვარიდებთ მეტი ტიპის შიგთავსის რეკომენდებას, მაშინაც კი, როდესაც ის შესაბამისობაშია PG-13 რეიტინგთან. მრავალი ტიპის შიგთავსი, რომელიც არაა რეკომენდებული ზრდასრულებისთვის, ისედაც სრულიად დაფარულია მოზარდებისთვის, მაგრამ ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ მოზარდებთან მიმართებით და თავს ვარიდებთ ისეთი დამატებითი ტიპის შიგთავსის რეკომენდებას, როგორიცაა ფოტოები ან ვიდეოები, რომლებიც შეიძლება ირიბად სექსუალური ხასიათის იყოს, ძლიერი გინება ან სარისკო ტრიუკები, როგორიცაა სიმაღლეებიდან გადმოხტომა.
შეზღუდული შიგთავსი: მშობლებისთვის, რომლებსაც მეტი კონტროლი სურთ, Instagram-ზე კიდევ უფრო შეზღუდული პარამეტრი შევქმენით, რომელსაც შეზღუდული შიგთავსი ჰქვია. როდესაც შეზღუდული შიგთავსის პარამეტრი ჩართულია, ჩვენ უფრო მკაცრად ვიყენებთ შიგთავსის ფილტრებს, რათა მოზარდის ანგარიშს კიდევ უფრო მეტი შიგთავსი დავუმალოთ. ჩვენ კიდევ უფრო ვზღუდავთ ძიების შედეგებს და ვაუქმებთ მოზარდის შესაძლებლობას ნახონ, დატოვონ ან მიიღონ კომენტარები პოსტების ქვეშ.
მეტი შიგთავსი: „მეტი შიგთავსის“ პარამეტრის ჩართვა მოზარდებს მხოლოდ მშობლების ნებართვით შეუძლიათ. ამ ნებართვის გაცემა მათ მშობლის ზედამხედველობის ფუნქციით შეუძლიათ. ამ პარამეტრის ფარგლებში მოზარდები კვლავ მიიღებენ ავტომატურ დაცვას, რადგან ჩვენ დავუმალავთ მათ უფრო მეტ შიგთავსს ვიდრე ზრდასრულებს. ჩვენ ასევე მთლიანად წავშლით შიგთავსს, რომელიც არღვევს ჩვენი საზოგადოების სტანდარტებს. თუმცა, მოზარდებმა შეიძლება მიიღონ რეკომენდაციები ისეთ შიგთავსზე, რომელსაც ვერ ნახავდნენ 13+ და შეზღუდული შიგთავსის პარამეტრების ფარგლებში. ასევე, ჩვენ მთლიანად არ დავუმალავთ მათ ანგარიშებს, რომლებიც ასაკისთვის შეუსაბამო შიგთავსს აზიარებენ. მეტი შიგთავსის პარამეტრი არ უზრუნველყოფს უფრო მკაცრ შიგთავსის კონტროლს Live-ში, კომენტარებში და ძიებაში, რომელიც ხელმისაწვდომია 13+ და შეზღუდული შიგთავსის პარამეტრებში.
დამრღვევი შიგთავსის გასაჩივრების წესი
ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმ შიგთავსის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც არღვევს ჩვენს წესებს და შიგთავსის უმეტესობას ჩვენი ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენთვის შეტყობინებამდე, პროაქტიულად ვშლით. თუ ხედავთ რაიმეს, რაც გამოგვრჩა, გაასაჩივრეთ ისინი Facebook-სა ან Instagram-ზე და დაგვეხმარეთ ჩვენი პლატფორმის უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაში. ყველა საჩივარი ანონიმურია.
დამატებითი რესურსები
ჩვენი საზოგადოების სტანდარტები შეიცავს დეტალებს იმ ტიპის შიგთავსის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვშლით და ვაწესებთ ასაკობრივ შეზღუდვას თითოეული დებულების სფეროსთვის. მათ წასაკითხად დააწკაპუნეთ აქ. ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რომელიც პროაქტიულად ამოიცნობს პოტენციურად საეჭვო ზრდასრულებს, როგორიცაა ზრდასრული ადამიანი, რომელიც არაერთხელ იქნა დაბლოკილი ან გასაჩივრებული მოზარდების მხრიდან ან თუ ზრდასრული გამუდმებით ეძებს დამრღვევ შიგთავსს. ჩვენ არ ვახდენთ საეჭვო ზრდასრულების რეკომენდებას მოზარდებისთვის და არ ვახდენთ მოზარდების რეკომენდებას საეჭვო ზრდასრულებისთვის. ამის შესახებ მეტის წაკითხვა შეგიძლიათ აქ. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას იმ მეთოდების შესახებ, რითაც ხელს ვუწყობთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას, ჩვენს უსაფრთხოების ცენტრში, ასევე, თუ როგორც ვუჭერთ მხარს მოზარდებსა და ოჯახებს, ჩვენს საოჯახო ცენტრში.